ედვარდ დე ბონო და მისი ექვსი ქუდი

ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის სრული ძალით ამოქმედება არცთუ ისე იოლია. აზროვნების პროცესი საკმაოდ ქაოტურია: ერთმანეთში ბევრი ურთიერთსაწინაამღდეგო გრძნობა და იდეები ირევა, აზრების ნაკადი მუდმივად იცვლის მიმართულებას. ალბათ, ხშირად გქონიათ განცდა, რომ ამ ნაკადს ძალიან საღი და ღირებული იდეა მოჰყვა, მაგრამ თქვენ, უბრალოდ, ვერ მოასწარით მისი „დაჭერა” და ბოლომდე გაცნობიერება.
კიდევ უფრო რთულდება საქმე მაშინ, როდესაც ადამიანი პრობლემის წინაშე დგას და ცდილობს ისეთი გადაწყვეტილების პოვნას, რომელიც ამ პრობლემას საუკეთესოდ და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მოაგვარებს. რაც უფრო მეტად ცდილობს იგი პრობლემაზე კონცენტრირებას და გონების დაძაბვას, მით უფრო საფუძვლიანად ებმება რუტინული აზროვნების ხაფანგში და, თითქოს ჯიბრზე, ორიოდე ბანალური და შაბლონური მოსაზრების გარდა, თავში არაფერი მოსდის.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ პრობლემის მოგვარების პროცესში არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანია ჩაბმული და ამოცანის გადაწყვეტა ახლა უკვე რამდენიმე თავში არსებული ქაოსიდან უნდა დაიბადოს! აღარავის სჭირდება იმის დამტკიცება, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობა პირდაპირ კორელაციაშია სწორედ რომ გუნდური მუშაობის ეფექტიანობასთან.
ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუკი მოხერხდება თავში არსებული ქაოსის დალაგება, იდეებისა და მოსაზრებების დაჯგუფება და მათი სწორი მიმართულებით და თანმიმდევრობით წარმართვა, გადაწყვეტილების ძიების პროცესი უნდა გამარტივდეს, დაჩქარდეს და, ამდენად, უფრო შედეგიანიც გახდეს.
ალბათ, დაახლოებით ასე ფიქრობდა ედვარდ დე ბონო, შემოქმედებითი აზროვნების მსოფლიოში განთქმული მეთოდოლოგიის ავტორი, როდესაც პირველად გადაწყვიტა, გარკვეულიყო აზროვნების პროცესში - მისი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით.
ტრადიციული აზროვნება ანალიზს, მსჯელობას, კამათს უკავშირდება. სტაბილურ სამყაროში ეს სავსებით საკმარისი იყო, რადგან ყველაფერი შედარებით მარტივად ხდებოდა: არსებობდა სტანდარტული სიტუაციები და ამ სიტუაციების სტანდარტული გადაწყვეტა. თანამედროვე სამყაროში, რომელშიც ცვლილებები ასე სწრაფად მიმდინარეობს, სტანდარტული გადაწყვეტილებები არაადეკვატური და არაქმედითია. დღესდღეობით ყველგან, ნებისმიერ სფეროში აუცილებელია კონსტრუქციული, შემოქმედებითი აზროვნება, რომელიც ახლის ძიების, განვითარების საშუალებას იძლევა. დე ბონომ ასეთი ახლებური აზროვნების მრავალი მეთოდი და ინსტრუმენტი შექმნა. დღეს გავეცნობით ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც ექვსი ქუდის მეთოდი ეწოდება.

ძირითადი კონცეფცია

აზროვნების პალიტრა
პრაქტიკული აზროვნებისას სამ ძირითად სირთულეს ვაწყდებით:
  1. ემოციები. ძალიან ხშირად გვირჩევნია, საერთოდ არაფერზე ვიფიქროთ და მხოლოდ ინტუიციას, ემოციებსა და ალღოს დავეყრდნოთ.
  1. უსუსურობა. ზოგჯერ არაადეკვატურობის განცდა გვეუფლება: „არაფერი ვიცი, არ შემიძლია ამაზე ფიქრი; საერთოდ აღარ ვიცი, რა ვქნა.”
  1. აბნეულობაგაურკვევლობა. ვცდილობთ, ყველაფერზე ერთდროულად ვიფიქროთ და, შედეგად, საბოლოოდ ვიბნევით.
„აზროვნების ექვსი ქუდი” ამ სიძნელეების გადალახვის მარტივი და პრაქტიკული მეთოდია.

ემოციები აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება თუ არჩევანის გაკეთება ყოველთვის ჩვენი გრძნობების საფუძველზე ხდება. აზროვნების გარკვეულ ეტაპზე გრძნობები გარდაუვალი და აუცილებელია. თუმცა, ზოგჯერ დამწყებთათვის ადამიანური რესურსების განვითარება ემოციები სრულიად უადგილოა და მაშინ ისინი, შესაძლოა, დამღუპველიც კი გახდეს. ექვსი ქუდის მეთოდი გვეხმარება, ჩვენი ემოციები შესაბამის დროსა და შესაბამის მომენტში გამოვიყენოთ.
უსუსურობა ჩნდება მაშინ, როდესაც არ გაგვაჩნია აზროვნების ზოგადი სტრატეგიები, რომლებსაც ამა თუ იმ სიტუაციაში გამოვიყენებდით. ექვსი ქუდის მეთოდი აზროვნების სტრუქტურირებას გვთავაზობს. ამ მეთოდის გამოყენებისას ყოველთვის ვიცით, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი შემდგომი „ნაბიჯები” აზროვნების პროცესში.
აბნეულობა და გაუგებრობა ჩნდება მაშინ, როდესაც ერთდროულად ბევრი რამის გარკვევას ან გაკეთებას ვცდილობთ. ხშირად, როდესაც რაღაცაზე ვფიქრობთ, აზრები რამდენიმე მიმარულებით გვეფანტება. ექვსი ქუდის მეთოდი კი გვეხმარება, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით ვიფიქროთ.
ალბათ, იოლად გაიხსენებთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდებს, როდესაც ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებდით: მაგალითად, ეძებდით რაიმე ნივთს, გზადაგზა თქვენს მაგიდას ალაგებდით, მეუღლეს ესაუბრებოდით, ცდილობდით, თვალყური გედევნებინათ ბავშვისთვის და ცალი ყურით ტელევიზორში გადმოცემულ ამბებსაც უსმენდით. ან კიდევ, ერთდროულად საუბრობდით ტელეფონით, ათვალიერებდით კომპიუტერში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებულ წერილებს და ხელით რაღაცას ანიშნებდით კოლეგას, რომელმაც თქვენს ოთახში შემოიხედა.
ძალიან ხშირად მსგავსი რამ ჩვენს აზროვნებაშიც ხდება. როდესაც ვფიქრობთ, პრობლემის გადაწყვეტას ვეძებთ, ან რაღაცაზე ვმსჯელობთ, საჭიროა გარკვეულ ინფორმაციასა და ფაქტებს დავეყრდნოთ, ლოგიკურად ვიმსჯელოთ და, თანაც, საკუთარ გრძნობებსა და ინტუიციასაც ვუსმინოთ, დავიცვათ საკუთარი ინტერესები და, ამავე დროს, კონსტრუქციულნი ვიყოთ.
ფერადი ბეჭდვისას ძირითადი ფერები ქაღალდზე სათითაოდ დაიტანება, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი საერთო მრავალფეროვან სურათს ქმნის. ექვსი ქუდის მეთოდი ამავე პრინციპს აზროვნებაში იყენებს. იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ერთდროულად ვაკეთოთ, ან, უფრო სწორად, ყველაფერზე ერთდროულად ვიფიქროთ, მეთოდი გვთავაზობს აზროვნების სხვადასხვა ასპექტზე რიგრიგობით ფოკუსირებას და მათი შეჯერებით საბოლოო და მაქსიმალურად მკაფიო სურათის მიღებას.

ექვსი ფერის ქუდი

დისკუსიის წარმართვის მეთოდებიდან გამორჩევით საინტერესოა „აზროვნების 
ექვსი ქუდი“, რომელიც გამოიყენება აზროვნების გააქტიურებისა და მისი სწორად წარმართვისათვის; იმავდროულად, იგი ხელსაყრელი ინსტრუმენტია შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის.
ექვსი ქუდის მეთოდი გვთავაზობს, აზროვნება ექვს სხვადასხვა რეჟიმად დავყოთ. თითოეულ რეჟიმს დე ბონომ საკუთარი ფერის ქუდი შეუსაბამა. რატომ მაინცდამაინც ქუდი? დე ბონოს სურდა, მკვეთრი, ადვილად დახსომებადი მოდელი შეექმნა და ამისათვის შესაბამის ხატოვან მეტაფორას ეძებდა. ინგლისურ ენაში ქუდი, ჩვეულებრივ, საქმიანობის ტიპთან ასოცირდება - პოლიციელის, მოსამართლის, ფოსტალიონის ქუდი და ა.შ. გამოთქმა „ვინმეს ქუდის დახურვა” ამა თუ იმ კონკრეტული საქმიანობის დაწყებას ნიშნავს. დე ბონოს მეთოდიკა გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი გარკვეული ფერის ქუდს იხურავს, ამით აზროვნების იმ ტიპს ირჩევს, რომელიც ამ ქუდთან არის ასოცირებული. რა თქმა უნდა, რეალობაში არავითარი ქუდები არაა საჭირო - ქუდების გამოყენება მხოლოდ ადამიანის გონებაში ხდება.
0x01 graphic
თეთრი ქუდი

აზროვნების ტიპი - სიზუსტე, ფაქტები, ლოგიკა, ინფორმაცია. თეთრი ფერი ჩვენში თეთრი თოვლის ასოციაციას იწვევს, თოვლი კი სიწმინდის სიმბოლოა. თეთრი ფერის ქუდი - მიუკერძოებელი და ობიექტურია, როგორც მოწმე სასამართლო პროცესზე. თეთრი ქუდის მატარებელი ადამიანი კომპიუტერს ემსგავსება და ცივი გონებით ცდილობს ციფრების, ფაქტების და სხვა ობიექტური ინფორმაციის მოწოდებას. რა ვიცით სიტუაციის შესახებ? რა ფაქტებს ვფლობთ? რა მონაცემები გვაკლია? ამ ქუდის ტარება არც ისე იოლია, რადგან ადამიანს მოუწევს, მთლიანად დაწმინდოს თავისი მსჯელობა ნებისმიერი ემოციისა და დაუფიქრებელი წინადადებებისგან.

წითელი ქუდი

აზროვნების რეჟიმი - ემოციები, ინტუიცია, გრძნობა და წინათგრძნობა. წითელი ფერი ემოციების სიმბოლოა. ამ ფერის ქუდის მნიშვნელობის უკეთ გააზრებისთვის დე ბონო გვთავაზობს, წარმოვიდგინოთ წითელი ვარდი თეთრ თოვლზე. წითელ ქუდში თავს უფლებას ვაძლევთ, ემოციები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოვხატოთ, ღიად და გულწრფელად. გრძნობა არ საჭიროებს დასაბუთებას. რას ვგრძნობ ამასთან დაკავშირებით? რას მკარნახობს შინაგანი ხმა? წითელ ქუდს შედარებით იშვიათად და მოკლე დროით (სულ რაღაც 1-2 წუთით) იხურავენ, იმისათვის, რომ ემოციები გამოხატონ და „ორთქლი გამოუშვან”.

შავი ქუდი

აზროვნების მიმართულება - განსჯა, კრიტიკა, შეფასება, სიფრთხილე. ლოგიკური -ნეგატიური. შავი ფერი პესიმიზმის, პირქუშობისა და არაკეთილმოსურნეობის სიმბოლოა. შავი ქუდის მატარებელი ადამიანი ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებს, ეძებს უარყოფითს, მცდარს, სუსტ ადგილებს, ნაკლოვანებებს. მისი ყველა შენიშვნა აუცილებლად უნდა დასაბუთდეს!მართლა ასეა? გამოვა კი ისე, როგორც ჩაფიქრებულია? მგონი, ზედმეტად ოპტიმისტურები ვართ! რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება ჩვენს ჩანაფიქრს? შავი ქუდის მისიაა პროექტის რუკაზე რაც შეიძლება მეტი „სარისკო ზონის” დატანა.

ყვითელი ქუდი

0x01 graphicაზროვნების ფოკუსშია ღირსებები და უპირატესობები. ლოგიკური - პოზიტიური. ყვითელი ფერი მზის ფერია. მზის თბილი და ოპტიმისტური სხივები ადამიანში იმედსა და პოზიტიურ აზროვნებას აღვიძებს. ყვითელი ქუდი შავის ანტაგონისტია, ის გვეხმარება, დავინახოთ სარგებელი და მოვლენათა დადებითი მხარეები. ყვითელი ქუდის მქონე ადამიანი ოპტიმისტი ხდება და ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიური პერსპექტივების აღმოჩენას ცდილობს, თუმცა, მისი ხედვა აუცილებლად უნდა დასაბუთდეს. რა უპირატესობას მოგვცემს ამგვარი გადაწყვეტილება? რატომ ღირს ამის გაკეთება?

მწვანე ქუდი

შემოქმედებითი აზროვნება, იდეები - ბევრი და მრავალფეროვანი. წინადადებები, ახალი გზები და გადაწყვეტილებები. ალტერნატივები. მწვანე ფერი ბუნების, ნორჩი ყლორტების, სიუხვისა და მოსავლიანობის ფერია. მწვანე ფერის ქუდი შემოქმედებითი საწყისისა და ახალი იდეების სიმბოლოა. ადამიანი, რომელიც მწვანე ქუდს იხურავს, ახალი იდეების, ახალი გადაწყვეტების ძიებას იწყებს. რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ? როგორი უნდა იყოს სტრატეგია? მოდით, ახლებურად შევხედოთ სიტუაციას და ვიფიქროთ, რა ახალი მიდგომების გამოყენებაა შესაძლებელი?

ლურჯი ქუდი

აზროვნების პროცესის ორგანიზება, კონტროლი და მართვა. ლურჯი ფერი - ლურჯი ცა. ის მშვიდი, ორგანიზებული, გამაერთიანებელია. ლურჯი ფერის ქუდის მქონე ადამიანი პროცესის ფასილიტატორია, აზროვნების პროცესს მართავს, მიღწევებს აჯამებს და შემდგომ მიმართულებებს სახავს. ლურჯი ქუდის დამსახურებაა, რომ ჯგუფური თათბირების დროს ყველა მონაწილე ერთიანი მიზნისკენ მიისწრაფვის. ლურჯი ქუდის მატარებელი არ იცვლის ქუდს, იგი მუდამ ამ ქუდში რჩება და დირიჟორივით მართავს დანარჩენი ქუდების ორკესტრს, იძლევა ამა თუ იმ ფერის ქუდის დახურვის განკარგულებებს. რას მივაღწიეთ? როგორია შემდეგი ნაბიჯები?

რატომ უნდა დავიხუროთ ქუდი?

ქუდის დახურვა და მოხდა მარტივია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემაზე ფიქრის დროს აზროვნების რეჟიმების სწრაფი ცვლა უნდა შეგვეძლოს.
ქუდი როლზე მიუთითებს. ზუსტად ისევე, როგორც ექიმს, მზარეულს, პოლიციელს, მოსამართლეს ახურავს თავისი როლის შესაბამისი ქუდი, როდესაც გარკვეული ფერის ქუდს ვიხურავთ, ვინაცვლებთ იმ როლში, რომელზეც ეს ქუდი მიგვითითებს.
ქუდები ადამიანების კლასიფიცირების მეთოდი არ არის. მართებული არაა, ადამიანს უთხრა, რომ ის „შავქუდიანი კრიტიკოსია”, ან რომ ის „მხოლოდ წითელ ქუდს იყენებს”. შესაძლოა, ეს არც ისე შორს იყოს რეალობისგან, მაგრამ ექვსი ქუდის მეთოდის მიზანი განსხვავებულია: საჭიროა ვცადოთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა აზროვნების ექვსივე რეჟიმი მოსინჯოს, ანუ აზროვნების ექვსივე ქუდი მოიზომოს.
აზროვნების ერთ-ერთი ძლიერი დამაბრკოლებელია ჩვენი საკუთარი ეგო, რომელიც სიტუაციის ობიექტურ შეფასებაში გვიშლის ხელს. როლური თამაში, რომელშიც ექვსი ქუდის მეშვეობით ვებმებით, განზე გადგომასა და აზროვნების ეგო-სგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება:
„თუ შავ (ყვითელ, მწვანე, ა.შ.) ქუდს დავიხურავ, ვიტყვი, რომ...”.
ჩვეულებრივ, თუ იდეა არ მოგვწონს, ვცდილობთ, ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ. და ამაზე ბევრ დროს ვხარჯავთ. ექვსი ქუდის მეთოდი ყვითელი ქუდის ტარებას გვასწავლის. როდესაც ყვითელ ქუდს ვიხურავთ, ამით მოსაუბრეს ვაჩვენებთ, რომ იდეაში, რომელიც უსარგებლოდ გამოიყურება, დადებითი მხარეების აღმოჩენაც შესაძლებელია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის მაგივრად, რომ დავიკავოთ პოზიცია: „მე ასე ვფიქრობ და ვიცი, რომ მართალი ვარ”, შეგვიძლია ვისწავლოთ აზროვნების უფრო ფართო სპექტრის გამოყენება და ნებისმიერი საკითხის უფრო სრული და ობიექტური გააზრება.
ამავე დროს, თუ რომელიმე იდეა ან მოსაზრება არ მოგვწონს, დარწმუნებული ვართ, რომ ყოველთვის მოგვეცემა შესაძლებლობა, არგუმენტირებულად გავაკრიტიკოთ ეს იდეა შავი ქუდის დახურვის მეშვეობით, ან უბრალოდ გამოვხატოთ მის მიმართ ნეგატიური ემოციები წითელი ქუდის დახმარებით.

და კიდევ:
  • ფერადი ქუდები - კარგად დახსომებადი მეტაფორაა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ადვილად ისწავლის და გამოიყენებს;
  • მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დონეზე - საბავშვო ბაღით დაწყებული და დირექტორთა საბჭოთი დამთავრებული;
  • მუშაობის სტრუქტურირების და უნაყოფო დისკუსიების გამორიცხვის ხარჯზე, ჯგუფური აზროვნების პროცესი უფრო ფოკუსირებული, კონსტრუქციული და ნაყოფიერია;
  • ქუდების მეტაფორა - ერთგვარი როლური ენაა, რომლითაც გვიადვილდება ნებისმიერ თემაზე საუბარი ისე, რომ პიროვნულ მხარეებს არ შევეხოთ და არავის ვაწყენინოთ;
  • მეთოდი გვეხმარება აზრების დალაგებასა და აბნეულობის თავიდან აცილებაში, რადგან პარალელური აზროვნების კონცეფციას იყენებს - დროის გარკვეულ მონაკვეთში მთელი ჯგუფი აზროვნების მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტიპს იყენებს.
როგორ უნდა დავიხუროთ ქუდი?

ექვსი ქუდის მეთოდი უნივერსალურია. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჯგუფური მუშაობის სტრუქტურირებისა და დროის ეკონომიის მიზნით, ასევე ინდივიდუალურად. 
ფაქტობრივად, ამ მეთოდიკის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის ფორმატში, როდესაც საჭიროა ლოგიკისა და ემოციების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ახალი ორიგინალური იდეების მოფიქრება.

მთავარი წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ:
  1. დისკუსიის დროს დაუშვებელია ერთდროულად ორი ფერის ქუდის დახურვა.
  1. მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ საკუთარი თავი.
მაგალითად, მწვანე ქუდის დახურვისას მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამჟამად კონკრეტული გადაწყვეტილებების ძიების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროს არ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების ანალიზი, გაკრიტიკება - ამისათვის შავი ქუდის დროც დადგება. ხშირად კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ, როდესაც სამუშაო შეხვედრის მონაწილეს სთხოვენ, სულ მუდამ ერთი ფერის ქუდი ატაროს. ეს არასწორია, ყველა მონაწილემ ერთი ფერის ქუდი ერთდროულად უნდა დაიხუროს და შეცვალოს. მხოლოდ სამუშაო შეხვედრის წამყვანს (ჯგუფის ხელმძღვანელს) შეუძლია, მუდმივად ატაროს ლურჯი ქუდი.
არ არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები ქუდების დახურვის თანმიმდევრობის შესახებ. ყველაფერს კონკრეტული სიტუაცია განსაზღვრავს. თუმცა, მაინც შეიძლება გამოვკვეთოთ ქუდების გამოყენების თანმიმდევრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტი:
A. შეხვედრის ხელმძღვანელი (ლურჯი ქუდი) მოკლედ გააცნობს ჯგუფს ქუდების კონცეფციას და ძირითად პრობლემას მოხაზავს;
B. განხილვის დაწყება მიზანშეწონილია თეთრი ქუდით, რათა მოგროვდეს და განიხილოს პრობლემის ირგვლივ არსებული ყველა ფაქტი და მონაცემი;
C. შემდეგ ეს ამოსავალი ინფორმაცია განიხილება ნეგატიური რაკურსით - ანუ შავი ქუდის მოშველიებით;
D. ამის შემდეგ დგება ყვითელი ქუდის ჯერი და არსებულ ინფორმაციაში პოზიტიური მხარეების დანახვას ცდილობენ;
E. მას შემდეგ, რაც პრობლემა განხილულია ყველა მხრიდან და ანალიზისთვის საჭირო მასალა შეგროვებულია, დროა, ყველამ მწვანე ქუდი დაიხუროს და იდეების გენერირებას შეუდგეს. იდეები მიმართული უნდა იყოს პოზიტიური მხარეების გაძლიერებისკენ და ნეგატიურის ნიველირებისკენ;
F. ახალი იდეები ისევ და ისევ ყვითელი და შავი ქუდების მეშვეობით უნდა შეფასდეს;
G. ბოლოს ლურჯი ქუდი შეხვედრის შედეგებს აჯამებს.

მაგრამ ექვსი ქუდის მეთოდს რამდენიმე „უხერხულობაც“ ახლავს: 

• მისი ეფექტური გამოყენებისთვის საჭიროა განვითარებული წარმოსახვა და 
გულდასმითი ვარჯიში, რომელიც ყოველთვის ვერ ხერხდება; 

• დისკუსიის მონაწილეები დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას განიცდიან; 
ყველას მოუწევს საკუთარი რეაქციებისა და წარმოდგენების „გადამუშავება და 
გადახედვა“. 

შეხვედრის წამყვანი (ლურჯი ქუდი) მართავს პროცესს, ზრუნავს, რომ განხილვამ მთავარი თემიდან არ გადაუხვიოს, აკონტროლებს მონაწილეების მიერ ქუდების გამოყენების კორექტულობას (დაუშვებელია მონაწილემ ერთდროულად ორი სხვადასხვა ფერის ქუდით ისაუბროს) და თანმიმდევრობას. წამყვანი მონაწილეებს პერიოდულად სთავაზობს ემოციებისგან დაცლას (წითელი ქუდის მეშვეობით). ამგვარად, აზროვნების ნაკადები არ იკვეთება და ერთმანეთში არ იხლართება. ლურჯ ქუდში მყოფ ადამიანს შეუძლია, ეფექტიანად მართოს დისკუსია, მაგალითად, „გაანეიტრალოს” შეხვედრის მონაწილე, რომელიც ბუნებრივად არის მიდრეკილი გადამეტებული კრიტიკისკენ. როდესაც ასეთმა ადამიანმა იცის, რომ მისი დრო აუცილებლად დადგება, ის თავს დაანებებს იდეებზე დაუყოვნებელი იერიშის მიტანას, შავი ქუდის რიგს დაელოდება და თავის არგუმენტებს ამ პერიოდისთვის შემოინახავს.
ჯგუფური მუშაობის სხვა კონცეფციებისგან განსხვავებით, დე ბონოს მეთოდი იმდენად ხატოვანია, რომ მისი ძირითადი იდეის გადმოცემა მაქსიმუმ ნახევარ საათშია შესაძლებელი, ხოლო დახსომება კი, ფაქტობრივად, მომენტალურად ხდება. სხვა მეთოდოლოგიები სპეციალურად მომზადებულ მოდერატორს მოითხოვს, თანაც, ჯგუფმა წინასწარ არასოდეს იცის, თუ რას მოიმოქმედებს მოდერატორი და, ფაქტობრივად, ბრმად მიჰყვება მის ინსტრუქციებს. „ქუდების” შემთხვევაში კი ის, რაც ოთახში ხდება, ყველასათვის ნათელი და გასაგებია. რა თქმა უნდა, ქუდების მეთოდის გამოყენების შემთხვევაშიც პროცესის დირიჟორს - ლურჯი ქუდის მატარებელ ხელმძღვანელს - მაინც დასჭირდება ამ მეთოდიკის გამოყენებისთვის საჭირო ზოგიერთი უნარ-ჩვევის გავარჯიშება.

მეთოდის გამოყენების თემატური არეალიც საკმაოდ ფართოა: თანამშრომელთა შემოქმედებითი აზროვნების ტრენინგი, შეხვედრების ფასილიტაცია, შეხვედრების მართვა, გუნდის პროდუქტიულობა და გუნდური კომუნიკაცია, პროდუქტის თუ მომსახურების გაუმჯობესება, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, პროექტის მართვა, პრობლემების მოგვარება და გადაწყვეტილებების მიღება. სწავლებისას კრიტიკული აზროვნების და, კერძოდ, აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მასალა გაცილებით აღქმადია, ადვილი ასათვისებელი და მარტივი გამოსაყენებელი; იგი ეფექტური საშუალებაა, მოსწავლემ სხვადასხვა კუთხით დაინახოს სიტუაცია და ისე მიიღოს გადაწყვეტილებები; ამავე დროს იგი საუკეთესო საშულებაა საკუთარი ეგოსა და პირადი ემოციების უკუგდებისა და რეალობის სწორად შეფასებისთვის, ყოველივე ეს კი სწავლების ამ ტექნოლოგიას პოპულარულს ხდის. 




Комментариев нет:

Отправить комментарий